ისტორია

ბათუმის ნავსადგურის გავლით სატრანზიტო ნაოსნობის ისტორია საწყისს ღრმა წარსულიდან იღებს. 1878 წელს ნავსადგური გამოცხადდა პორტო-ფრანკოდ (1885 წლამდე). 1884 წლის ბოლოსათვის შეიქმნა ნავსადგურის შემდგომი განვითარების პროექტი. პროექტების ავტორები არიან ბათუმის სზღვაო სავაჭრო ნავსადგურის პირველი უფროსი ადმირალ გრევე და ინჟინერი გეორგ ალკოვიჩი. პროექტის განხორციელება დაიწყო 1885 წელს. საწყის ფაზაზე განვითარების მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა ნავთობი. ამას საფუძველი ჩაუყარა ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის მშენებლობამ.

ექსპორტირებადი ნავთობის მოცულობის ინტენსიურმა ზრდამ გამოიწვია ნავსადგურის შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობა.

1883 წელს განხორციელებული ნავთობპროდუქტების პირველი ექსპორტის მოცულობამ შეადგინა 3 000 000 ფუნტი. ნავთობის გადაზიდვით დაკავებული 18 საზოგადოებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა როტშილდების, მანთაშევებისა და ნობელების გაერთიანებები.

1873 წელს ბაქოში ჩავიდა ემანუელ ნობელის უფროსი ვაჟი – რობერტ ნობელი. ნავთობ ბიზნესის წარმატებით გამხნევებული ის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესყიდვაზე ხარჯავს 25 ათას რუსულ ოქროს რუბლს. ნავთობის ბიზნესში პარტნიორად ნობელი ირჩევს ბარონ როტშილდს. ამ პერიოდში როტშილდი გაიცნობს საზრვაო ბროკერს ფ. ლეინსს და ვაჭარს მ. სამუელს, რომელთაც პირველებს გაუჩნდათ ტანკერების(ნავთობის გადაზიდვის გემების) შექმნის იდეა.

1892 წლის 05 იანვარს დიდ ბრიტანეთში დამტკიცდა საზღვაო ტრანსპორტის ახალი სახეობის - ტანკერის დიზაინი. 1885-1892 წლებში ბათუმის ბუხტის სიღრმეში აშენდა ნავთობჩამოსასხმელი საწარმო. 1886-1889 წლებში ნავთობით დატვირთული გემების მისაღებად აშენდა 2 ნავთობჩამოსასხმელი ნავმისადგომი, სიგრძეებით: 80 და 95 მეტრი. 1892 წელს ინგლისის ნავსადგურ ვესტ ჰარტლპულიდან გამოვიდა პირველი ბრიტანული ტანკერი "მიურექსი”. ის გაემართა ბათუმის ნავსადგურისაკენ, საიდანაც კურსი აიღო სინგაპურსა და ტაილანდისაკენ.

იგივე გეგმის დაცვით, ბათუმის ნავსადგურში დატვირთვის შემდეგ, 1892 წლის 23 აგვისტოს ”მიურექსმა” გააგრძელა მოძრაობა სუეცის არხში.

1900 წელს დასრულდა ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის გაყვანა. ბათუმის ნავსადგურის წყალობით რუსეთმა უმოკლეს ვადაში ჯერ მიაღწია, ხოლო შემდეგგომში კი ჩამოიტოვა აშშ ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მაჩვენებლებში.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ბათუმის ნავსადგური გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური შავი ზღვის ბასეინზე ტვირთბრუნვის მაჩვენებლის მიხედვით.მოგვიანებით აგრეთვე აშენდა 5 ნავმისადგომი ტანკერებისა და მშრალტვირთმზიდებისათვის. გაიზარდა ნავსადგურის ტვირთბრუნვა, გაფართოვდა გადასამუშავებელი ტვირთების ნომენკლატურა. 1923 წელს, საბჭოური მმართველობის პერიოდში, ბათუმის ნავსადგური გადავიდა ნავსადგურების რეესტრის უმაღლეს-1 კატეგორიაში, რამაც უფრო დააჩქარა მისი განვითარება.

მაშინ ის შედიოდა საბჭოთა კავშირის იმ ნავსადგურების რიცხვში, რომელთა ტვირთბრუნვა აჭარბებდა 1 000 000 ტონას. 1959-1962 წლებში აშენდა საზღვაო სადგურის შენობა, ხოლო 1967 წლისათვის ნავსადგურს უკვე შეეძლო შიდა რეიდზე დიდტონაჟიანი გემების მიღება.

ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობამ, ბათუმის ნავსადგური გადააქცია ევროპის სატრანსპორტო დერეფნის უმნიშვნელოვანეს კვანძად და საერთაშორისო მნიშვნელობის მსხვილ სატრანსპორტო ობიექტად.